ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, რაც ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, ეს არის მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების მტრობა
მსურს, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ სანქციებთან ერთად, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოხალისეები. ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივჩართვებით და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია და პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მოუწოდებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, არ ჩართულიყვნენ ინდივიდუალურად საომარ მოქმედებებში.
„ჩარტერულ რეისებზე ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროს, როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით, აშშ-ის მთავრობამ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, საჯაროდ მოუწოდა თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, ამ დროს ეს ადამიანები გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები. ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.