ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ მასკარადი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ჟოზეფ ბორელზე ორგანიზებული თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალასთან აქვთ საქმე“.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი – სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების შესაბამისად შევიდნენ პარლამენტში ან წავიდნენ მარგინალიზაციის გზით, თუ არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კიდევ მინდა, გამოვეხმაურო ბორელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს. აქვე, მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.