ირაკლი ღარიბაშვილი - ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აიკრძალოს
ირაკლი ღარიბაშვილი - ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აიკრძალოს

ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საკითხი, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს, არის სათამაშო ბიზნესი და ონლაინკაზინოები. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ამ ონლაინკაზინოების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინკაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა.

ვფიქრობთ, წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში – 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ,  გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები. ეს ხედვა მაქვს. მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერა იქნება. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.