ირაკლი ღარიბაშვილი - ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები
ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფინანსთა მინისტრს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარლამენტთან.
„ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე კი, საერთოდ აიკრძალოს“.