ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპაციის შემდეგ, მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ამას სჭირდება მკაფიოდ გაწერილი გეგმა
აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, და ამას ბოლო რამდენიმე კვირაა, უკვე ვაკეთებთ, თუ საით მიდის ქვეყანა, როგორ დავძლევთ ამ სიღარიბეს და მთავარ გამოწვევას, რაც არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაზე მთავარი საკითხი დღეს ქვეყანაში არის სწორედ ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოკუპაციის შემდეგ მთავარი გამოწვევა არის მოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.
„ამას სჭირდება კარგი, მკაფიოდ გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, როგორ გავხადოთ მასშტაბური ის პროექტები, პროგრამები, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და რომლის შედეგიც არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ეს შემთხვევით არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი ძალიან ბევრი, ასობით და ათასობით განხორციელებული პროექტისა და პროგრამისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. პროგრამები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და ასე შემდეგ, რომლის ფარგლებშიც, მოგეხსენებათ, ათასობით ჰექტარი ახალი ხეხილის ბაღები გაშენდა, ათასობით ჰექტარი ახალი ვენახები გაშენდა, ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, მათ შორის გადამამუშავებელიც. 1 000-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა და შედეგად, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ეს მასშტაბები და პროგრამები გავხადოთ უფრო ინკლუზიური, ისე, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს აღნიშნული პროგრამების სიკეთე“, – განაცხადა პრემიერმა.