ირაკლი ღარიბაშვილი - ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა, სად დგას ჩვენი ხალხი, ქართული საზოგადოება, ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს
მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა. ამით გამოჩნდა, სად დგას ჩვენი ხალხი, ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებსა და ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, სიძლიერე და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„დღეს კარგი შეხვედრა მქონდა რუსთავში, შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე. მთავარი განსახილველი თემა იყო მოახლოებული არჩევნები. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერი შედეგი დავდოთ ამ არჩევნებზე. ეს იყო მთავარი თემები.
ასევე, ჩემი ინფორმაცია გავუზიარე და ჩემი ანალიზი წარვუდგინე საზოგადოებას, ჩვენს პარტიას. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა და ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებსა და ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, სიძლიერე და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მივესალმები გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინიციატივისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.