ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს უკრაინას ეწვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი ქალაქ ლვოვში უმასპინძლებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

23 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.