ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკანორ მელია მოგვევლინა დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ ერთადერთი მოტივით, უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინოს, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს
ნიკანორ მელია მოგვევლინა რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ ერთადერთი მოტივით, უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინოს ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება, გულწრფელად შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, მაგრამ მათ არ იციან საქმეების რეალური საფუძველი და შინაარსი.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა და აღნიშნა, რომ ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს და ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას, რადგან ქვეყანაში არ იქნება წესრიგი და მშვიდობა.
„მინდა, ეს განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთი შეიძლება გულწრფელად არის შეწუხებული, რომ აქ მიმდინარეობს გამოძიება, საუბრობენ, რა თქმა უნდა, სიღრმეებში არ არიან ჩასულები, მათ არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი საქმეების, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ნიკანორ მელიასთან, რომელიც უკვე არის დამნაშავე. სასამართლომ იგი გამოაცხადა დამნაშავედ, კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა ჩვენ პარტიის თავმჯდომარედ, რევოლუციური დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ ერთადერთი მოტივით, რომ რამენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს.
ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა 2019 წლის ივნისში, რა დროსაც დაშავდა 80 თუ 100-ზე მეტი პოლიციელი. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაშავდა, ზოგიერთმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სინანულით აღვნიშნო ეს ფაქტი. მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის აღების მცდელობასთან. ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით ღიად, როდესაც ამ კითხვებს გვისვამდნენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ვეკითხებოდით, როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო, იქნებოდა ეს ევროპასა თუ ამერიკაში, თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა. მაგალითად, ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში, ამერიკაში. ჩვენ ვნახეთ, კაპიტოლიუმზე მოხდა ასეთი ორგანიზებული შეტევა შტურმით, რაც დასრულდა იმით, რომ 150 ადამიანი არის დაპატიმრებული და ოთხი ადამიანის ლიკვიდირება მოხდა ადგილზე. ნიკა მელიას საქმეზე როცა ვსაუბრობთ და მე ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც ამ თემაზე მიწევს ამდენი საუბარი, მაგრამ ამ განმარტებას ვაკეთებ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ისინი შეცდომაში არ შევიყვანოთ. ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა და ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს, ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს და ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას, სხვა შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება წესრიგი, მშვიდობა, კანონი, კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.