ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა, ადამიანი თუ არაფერს მალავ, ნარკოტესტის ჩაბარება არის ელემენტარული
ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება, ეს ასე მოინათლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მას შემდეგ, რაც გახარიამ საზღვარგარეთ გადაწყვიტა ნარკოტესტის გაკეთება, ნიკა მელიამ შეცვალა გადაწყვეტილება და უარი თქვა ტესტზე, რას ემსახურება ეს“.
ღარიბაშვილის თქმით, ადამიანი თუ არაფერს მალავს, ნარკოტესტის ჩაბარება პრობლემას არ უნდა წარმოდგენდეს.
„პოლიტიკური სოლიდარობა, შეიძლება ამას დავარქვათ სოლიდარობა. სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, შეიძლება, ასე მოინათლოს. არ მაინტერესებს, რადგან ადამიანი თუ მართლაც არაფერს არ მალავ, რა პრობლემაა, ზოგადად, ნარკოტესტის ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის ვალდებულება ყველა საჯარო მოხელის და ყველა პოლიტიკოსის, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე. ჩვენ გვინახავს არაერთი ნარკომანი მმართველი, როგორიც არის სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და მისი ეს ლაივ ჩართვები არის ამის დამადასტურებელი, იმის მიხედვით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს, ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია, მესმის სოლიდარობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული მელიას, სხვა კანდიდატების მხრიდან, ეს კითხვებს წარმოშობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ ჩააბარა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ღიად უნდა მივიდეს ნებისმიერ ბიუროში და ჩააბაროს ტესტი.
„არ ვიცი, ალბათ ეშინია. ერთს ვიტყვი, ხალხური ბრძნული გამოთქმა, ქურდს ქუდი ეწვისო, ხომ გაგვიგია ყველას. ძალიან მარტივია, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ღიად, ნებისმიერ მოედანზე, ნებისმიერ ბიუროში უნდა მივიდეს და ჩააბაროს ტესტი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.