ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია და ნებისმიერი, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, მოვუწოდებ ამ ადამიანებს, დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში
ნიკა მელია და ნებისმიერი, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება, როგორც წესია.
„მინდა, კიდევ ერთხელ სრული გულწრფელობით აღვნიშნო, ჩვენ არავის დაჭერა და არავის დასჯა არ გვიხარია. ისე ნუ ჩათვლიან, რომ ვიღაცეების დაჭერაზე ვართ მხოლოდ ორიენტირებული და ამაზე ვართ ჩასაფრებული. ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი დავუთმე ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას, იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც საჭიროებს დროულ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მდგრადობას, სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია და ნებისმიერი, გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას. კანონი უნდა აღსრულდეს და კანონი აღსრულდება, როგორც წესია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ მოუწევთ ამის გაკეთება და ძალიან მალე. სხვა გამოსავალი არსებობს, ჩემი პასუხი არ არის, ეს ჩემი უფლება არ არის. მე არ მაქვს უფლება, ჩავერიო კანონის აღსრულებაში, ამის უფლება არ მაქვს მე, სხვა შემთხვევაში მე გავხდები კანონდამრღვევი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.