ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია არის კრიმინალი, რომელიც ახლა პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს და გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ
ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ ჩაიდინა, ვგულისხმობ, პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პრემიერობის კანდიდატმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად არის.
„ოპოზიციასთან მოლაპარაკების ხედვას რაც შეეხება. ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნო რადიკალური და კონსტრუქციული ფრთა. როგორც ვიცი, საბედნიეროდ, არიან კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზოციას, რომელსაც სურს მძევლობიდან, ძალადობიდან გამოეყოს იმას, რაც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, მელიას ვგულისხმობ. ის კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. სხვათაშორის, ეს ყველას ავიწყდება. უბრალოდ, ეს არის ალიბი და მე ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. კარგად მოგვეხსენება, როგორი თავმჯდომარეა მელია „ნაცმოძრაობის“. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის ბატონი სააკაშვილი, სხვა ლიდერი არ არსებობს „ნაცმოძრაობაში“. მელია, მანამდე ვაშაძე იყვნენ და არიან ყოველთვის დროებითი, ფორმალური სახეები. მელიასთან მიმართებაში, ნახეთ, როგორი ჭკვიანური სვლა გააკეთეს მათი გათვლით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არ შეიძლება ადამიანს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ინდულგენციებს აძლევდნენ.
„ბატონი მელია, არის გასამართლებული, მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი „ბანკი ქართუს“ საქმეზე. ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმჯდომარის ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა, თუ არ ვცდები და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა. ანუ, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ ორი თუ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, რომელსაც იძიებს შსს და პროკურატურა, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზების და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ თურმე არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას. მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის, მსგავსი დანაშაულებისთვის, ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.