საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
საუბარი შეეხო NDI-ის ხანგრძლივი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად.
გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან 30 წლის განმავლობაში გაწეული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელების პროცესზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. ითქვა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.