ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობკომპანია OMV Petrom-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს
ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობკომპანია OMV Petrom-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეურთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანია OMV PETROM-თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსხვილი კომპანიის შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, გამჭვირვალე და მიმზიდველია მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის.

შეხვედრაში OMV PETROM-ის მხრიდან მონაწილეობდნენ – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვეჩერე, OMV PETROM-ის შეფასებისა და კვლევების დირექტორი ბერნარდ კრაინერი და OMV PETROM-ის ბიზნესის განვითარებისა და კომერციული დირექტორი ხოსე რაფაელ დუქ-რამირესი.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო OMV Petrom SA-ის მხრიდან – ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და ბერნარდ კრაინერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად, შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანია OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA. ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.

ანალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად, აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.