ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს
ნატო-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო ნატო-ს ყველაზე სანდო მოკავშირეა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„დოკუმენტის ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განმტკიცებისაკენ. დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პრაქტიკულ მექანიზმს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
„საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.