ირაკლი ღარიბაშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს
კომპანია დავითანხმეთ და უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება ცხრიდან 12 თვემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი.
„იმ მოქალაქეებისთვის მინდა, განვმარტო, რომლებიც გულწრფელად წუხან, ვინაიდან ზოგს ინფორმაცია არ აქვს. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავავალე ეკონომიკის, ასევე გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ადგილზე ჩასულიყვნენ. ჩავიდნენ, ნახეს, ყველას შეხვდნენ. ასევე, ჩვენ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა, გამოვყო პირველი. კომპანია დავითანხმეთ და უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება ცხრიდან თორმეტ თვემდე. კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად გადამოწმდება, მათ შორის ჩვენი ექსპერტების, უცხოელი ექსპერტების, ასევე სპეციალისტების მოწვევით. კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი. ამასთან, რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი. ასევე, მოსახლეობისთვის მინდა, განვმარტო, რომ 30 მილიონი ამ კომპანიას უკვე დახარჯული აქვს. კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემის საკითხს, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას ხელს უშლის.
„დამისახელეთ კომპანია, რომლიც კოვიდპანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. ჩვენ ამას ჩვენივე ნებით თუ სურვილით ვეწინააღმდეგებით და სამუშაოებს ვაფერხებთ. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემა არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს.
დიდ და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო აქციები, ტალღები დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად, ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას. ეს უნდა შეჩერდეს, დასრულდეს. ამისთვის სახელმწიფო კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფრს გააკეთებს. ვინაიდან პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, რესურსები, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად უნდა იქნას ათვისებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით. მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს. სახელმწიფოს მონაწილეობითაც, სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად განხორციელდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.