ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობის“ ამოცანაა ჯარის, პოლიციის, სასამართლოს დისკრედიტაცია, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ლგბტ მარშის კამპანიის უკან
ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაცმოძრაობის“ ამოცანაა ჯარის, პოლიციის, სასამართლოს დისკრედიტაცია, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ლგბტ მარშის კამპანიის უკან

კარგად ვნახეთ ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ეკლესიის წინააღმდეგ და რატომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, კარგად აქვთ გააზრებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი ხელწერაა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა.

„გვარამიას, რომელიც არის ახლა თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი. ამ დროს ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია ამ მაფიოზურ დაჯგუფებაში. ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ამ სიბინძურის კამპანიის და მუდმივი შფოთვის კამპანიის შემომტანი ჩვენს საზოგადოებაში. კაცი, რომელიც იყო განათლების მინისტრი, შეადარეთ ჩვენს მთავრობაში მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს. ეს სხვაობაა, მეგობრებო და ამ სხვაობას, მე მჯერა, ხედავს ჩვენი ხალხი და შესაბამის დასკვნას გამოიტანს 2 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ, მერვე არჩევნებში, როცა ძლიერად და ღირსეულად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მათი პოლიტიკა მხოლოდ ემოციებს არ ეფუძნება.

„ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის – ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომაც ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ.

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და ეს კატასტროფული შეცდომა იყო. თუმცა, რაც მთავარია, ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული. ხომ კარგად ვიცით, ვისგან მომდინარეობდა ეს უმძიმესი პროვოკაცია, შეთქმულება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი სახეზეა და ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ღირსეული არჩევანი და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.

„2024 წლამდე არ გაიმართება არჩევნები. ეს იქნება პერიოდი, სამწლიანი გამონაკლისი პერიოდი, ვინაიდან მანამდე თუ გადახედავთ, რვა წლის განმავლობაში შვიდი არჩევნები ჩავატარეთ და ყოველ წელს მოსახლეობა დავღალეთ ამდენი არჩევნებით და მართლაც ამდენი დამღლელი საარჩევნო კამპანიით. ამიტომ ხალხს სჭირდება განვითარებაზე საუბარი, პროგრამებზე, დახმარებებზე, იმ პროექტებზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ჩვენ განვახორციელებთ ერთად. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ მთელი ქვეყნის მოსახლეობა. ამიტომაც, მომდევნო სამი წელი უნდა იყოს მხოლოდ განვითარების, მშენებლობისა და აღმშენებლობის წლები. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების, მჯერა ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.