ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ მიმართავს - „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არის პირველი ოქტომბერი, როცა მოსახლეობა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან გათავისუფლდა
მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობენ, ისე ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისიე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელმაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყო, არის „ქართული ოცნება“.
„აქ საუბრობდნენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და ნამდვილად ასეც არის. შეგახსენებთ, რომ იანვარში, მელია, რომელიც რატომღაც არ დადის, მესმის მისი, გაუჭირდებოდა აქ ყოფნა, რადგან ჩვენ ვართ დარბაზში, ყოველდღე იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე უნდა მოხდეს რევოლუცია. რატომ ამბობენ ამას? რადგან ინვესტორს არ ჰქონდეს პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის შეგრძნება. შემთხვევით არ გამიხსენებია 90-იანი წლები და 2008 წლის ომი, მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობენ, ისე ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა და ყოველთვის შევახსენებ ამ ადამიანებს, რომელმაც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო რეალურად უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, არის „ქართული ოცნება“. როცა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ამ მავნებლური პოლიტიკისა და მათი უწყვეტი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. შეკითხვები უამრავია და ამ დემაგოგიის, სიყალბესთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ცილისწამებაც. რა არის „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა – ჩემი აზრით, პირველი ოქტომბერი არის მთავარი მიღწევა, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან“, – მიმართა პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.