ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ - კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ - კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას

ბატონო დევი, სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი თქვენთან პოლემიკაში შემოსვლას და არც წარმომედგინა, რომ ამ კითხვას დამისვამდით, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მეც ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჯარს, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჯარში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ დევი ჭანკოტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის უწყებიდან ოფშორში გადარიცხულ თანხებზე ისაუბრა, რომლის ნაწილი, უწყებას დღემდე ვალად ადევს.

„მე რომ მეკითხებით, რა ხდება ჯარში, კორუფცია და ა.შ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროკურატურაშია მთელი საქმეები, განაჩენები დადგა, ხალხი დაიჭირეს. აქ არის ბატონი ირაკლი ბერაია, შეგიძლიათ, სთხოვოთ მას, გააკეთოს განხილვა, მოვიდეს მაშინდელი მმართველობა, მოქმედი მინისტრი და მისი მოადგილეები და გაჩვენებენ, რამხელა ზიანი მიაყენეს, უშუალოდ თქვენ არა, ვიცი თქვენ რა სტატუსიც გქონდათ, მაგრამ წინა ხელისუფლებამ, კერძოდ, ბატონმა კეზერაშვილმა და მისმა მძარცველმა პოლიტიკამ ჯარს. მილიარდი ლარია ჩამოწერილი და მილიარდი ლარის არც იარაღია შემოსული, არც ფულია დაბრუნებული. 260 მილიონი ლარი ჯერ კიდევ ვალად ადევს სამინისტროს. ოფშორებში გადარიცხული 30-40-50 მილიონი. ფაქტებით გესაუბრებით. მაინტერესებს, თქვენ, როგორც ყოფილ სამხედროს, გენერალ კაცს, რა რეაქცია გაქვთ ასეთ მძიმე დანაშაულზე, როდესაც ჯარს გაძარცვავ, როდესაც ჯარისთვის განკუთვნილ ფულს წაიღებ, ჯიბეში ჩაიდებ და არც შეიარაღებას მოიტან, არც ფულს დააბრუნებ, რა რეაქცია გექნებათ მაგის შემდეგ, ძალიან მაინტერესებს. თქვენ აქ დღგ-სა და 700 მილიონზე დემაგოგობთ, ეს არის ტყუილი, დასჯილია 240 კაცი, თანხებიც დააბრუნეს. თქვენ დააბრუნეთ მილიარდი ლარი, კეზერაშვილს დააბრუნებინეთ, რომელიც მოპარული, ნაძარცვი ფულით დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.