ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატებიც ძლივს შეარჩია და შემდეგ გაყალბებული, გაუგებარი კვლევების შედეგები შესთავაზეს მოსახლეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში პარტიის შიდა კვლევების შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ არჩევნებში 35%-ზე მეტს ვერ იღებს და ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყალბებული კვლევის შედეგები შესთავაზა საზოგადოებას.
„როგორ შეიძლება, ასეთ სისულელეზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. „ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად გაკოტრებული, დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს, ახლა უკვე ოცნებობს, რადგან მაგის თავიც არა აქვთ, ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მიიღეს მათ ის, რაც მიიღეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, ამის გარანტიას ვიძლევით. კიდევ ერთს გეტყვით, იციან რომ ყველგან სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ ჰქონდათ ორი დღის წინ მცდელობა, არჩევნების გადადება მოითხოვეს და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ კანდიდატებიც კი ძლივს შეარჩიეს და შემდეგ ათასი ვერსია, მათ შორის ეს გაყალბებული, გაუგებარი თქვენ მიერ დასახელებული კვლევების შედეგები შესთავაზეს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეს არის სიყალბე, „ნაცმოძრაობას“ აქვს დაახლოებით 20%-მდე, თუ არ ვიცი 17% აქვს და ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, საინტერესო ჩემთვის არის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.