ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშეა, შევიდნენ თუ არა პარლამენტში, ჩიხურ მდგომარეობაში თავად ჩაიყენეს თავი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დილემის წინაშე დგას, შევიდეს თუ არა პარლამენტში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარტიამ ჩიხურ მდგომარეობაში თავი თვითონ ჩაიყენა.
„აღარ მინდა, ვისაუბრო ამ რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ექვსი თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მედიატორობით. მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ხელი არ მოეწერათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემური არის მათთვის. მათ საკუთარი თავი ამგვარ ჩიხურ მდგომარეობაში თავად ჩაიყენეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.