ირაკლი ღარიბაშვილი - ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს შუამავლის როლი, დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი დასრულდება საერთო მშვიდობით რეგიონში
ირაკლი ღარიბაშვილი - ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს შუამავლის როლი, დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი დასრულდება საერთო მშვიდობით რეგიონში

ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის წინ, როდესაც მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერთან, პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან. გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლა უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტატორის როლი იკისრა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია.

„შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იყვნენ დაკავებულნი. მეორეს მხრივ, სომხეთის მხრიდან იქნა აზერბაიჯანისთვის გადაცემული ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ. მე პირადად ვიყავი ჩართული 24-საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა სატელეფონო საუბრები, მანამდე შეხვედრები იყო. ჩვენს სტრატეგიული პარტნიორთან ერთად ვიყავით მჭიდრო კოორდინაციაში. ეს ძალისხმევა დასრულდა კონკრეტული შედეგით. ჩვენ ასევე მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ ამ პროცესში საქართველომ ისევ შეასრულოს შუამავლის, მედიატორის როლი. მე სრული მზადყოფნა დავუფიქსირე ორივე ქვეყნის ლიდერს. დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება საერთო მშვიდობით და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.