ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ სამართლიანი კომპრომისისთვის, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არსებობდა სააკაშვილის დროს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი გრძელდება და იმედი აქვს, შეთანხმებით დასრულდება.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა, გონივრული და სამართლიანი კომპრომი იქნას მიღწეული.
„რაც შეეხება დიალოგს, რა თქმა უნდა, დიალოგი გრძელდება. მინდა, დავიტოვო პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი. პირიქით, ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როცა მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ მზად ვართ, გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განმარტებით, ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია.
„პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.