ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“, გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს
მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“, გვინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ევრობასკეტი“ საქართველოში წელს პირველად გაიმართება და აღნიშნა, რომ პირველი სექტემბრისთვის უკვე ყველაფერი მზად არის.
„მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. პირველ სექტემბერს გაიმართება პირველი თამაში. საქართველო ითამაშებს პირველ სექტემბერს და ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველო პირველი სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტი 2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.
გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, მონტენეგრო, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი;
B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია;
C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი;
D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში, პრაღაში, მილანსა და კიოლნში გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპის საპლეიოფო მატჩებს ბერლინი მიიღებს.
ფინალური ეტაპი მერვედფინალური რაუნდიდან იწყება, რომელშიც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა. ფინალი 18 სექტემბერს გაიმართება.