ირაკლი ღარიბაშვილი - სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 15-17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოსახლოებისთვის განვმარტო, რომ ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპულ საბჭოში, ნატო-ში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მის მხარდაჭერას აფასებს.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, მიესალმება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას, რათა ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.