ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, მის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი
გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ეკონომიკა და ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა. მაქსიმალურად მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, მის მხარდაჭერას, რათა მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას საჭიროა არაორდინარული მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე და სისწრაფე. ამასთან, აღნიშნა, რომ ყველა გეგმა მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვასა და ოპტიმიზაციას.
„მჯერა, რომ ეს ზოგადი ხედვა თქვენს მხარდაჭერას მოიპოვებს. სამთავრობო პროგრამა, რომელიც მინისტრებმა წარმოადგინეს, დეტალურად იქნა განხილული თქვენთან ერთად. გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ეკონომიკა, ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა. მე მაქსიმალურად მზად ვარ, პირადად ჩავერთო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენ გვჭირდება არაორდინარული მიდგომები, მეტი კრეატიულობა, სისხარტე, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. ეს ყველაფერი, გეგმები, რომელსაც ჩვენ უახლოეს 100 დღეში წარმოგიდგენთ, მოითხოვს საბიუჯეტო ხარჯების გადახედვას, ოპტიმიზაციას. საქართველო უნდა ვაქციოთ ქვეყნად, სადაც ადამიანები არიან თანასწორები და კეთილდღეობისთვის შრომობენ, სადაც დაცულია მისი თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, მსოფლმხედველობისა. ჩვენ გვჭირდება საქართველო, რომელიც სასურველია, პარტნიორია ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსთვის.
კონკრეტულ ნაბიჯებს რაც შეეხება, არჩევის შემთხვევაში, დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად და უმოკლეს ვადებში წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც გაწერილი იქნება მოკლე, შუალედურ ეტაპებად. ეს გეგმები საჯარო განხილვით, სამოქალაქო ჩართულობით უნდა დაიხვეწოს და სამთავრობო პროგრამად ჩამოყალიბდეს, რა თქმა უნდა, თქვენი უშუალო ჩართულობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.