ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანადგომას ვუცხადებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს.
ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა. შსს-ის ცნობით, გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.