ირაკლი ღარიბაშვილი - მტრული სახელმწიფოს ინტერესები ხშირად ემთხვევა სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნებს, ხალხის, რომელთაც სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები მტრულ სახელმწიფოს გადასცა
მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ობიექტი არის ჯარი, პოლიცია, ეკლესია, ანუ იმ ინსტიტუციების მთავარი საყრდენი, რომელზეც დგას სახელმწიფო და ჩვენი ძლიერება. თუ მიაქცევთ ყურადღებას, ხშირად მტრული სახელმწიფოს ინტერესები ხშირად ემთხვევა, თუ ყოველთვის არა, ამ დესტრუქციული ძალის, სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნებსა და ამოცანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლებამ სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები მტრულ სახელმწიფოს გადასცა.
„გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, თუ როგორი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მომსწრენი ვიყავით სულ რაღაც ცხრა-ათი წლის წინ. ჩვენ ყოველთვის ვისმენთ იმდენად ზღვარგადასულ ცილისწამებას, რომლის რეაგირების გარეშე დატოვება არ არის მიზანშეწონილი. ხალხი, რომელმაც მთელი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, იქნებოდა ეს ჰესები თუ სხვა ობიექტები, გადასცა, მათი განცხადებით, მტრულ სახელმწიფოს, ოკუპანტ სახელმწიფოს-რუსეთს. როდის გააკეთეს ეს? ომის შემდეგ, ეს იყო მიზანმიმართული კაპიტულანტური პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ და პირადად მან შეასრულა ზედმიწევნით წარმატებით. სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი არის ოკუპირებული, კოდორი დავკარგეთ დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი, ცხინვალი, სამაჩაბლო ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, რომელსაც თავად სააკაშვილი უწოდებდა ქვების გროვას. დღეს ეს ხალხი გველაპარაკება ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ, ხელისუფლება რომელმაც 300 ათასი ჩვენი მოქალაქე გაასამართლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.