ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი
სპორტი და კულტურა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. თეა წულუკიანთან ერთად, გავიარეთ საჭირო პროექტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გამოყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება, ეს არის მთავრობის სურვილი.
მისივე თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია იგეგმება, ყველა მცირე ზომის, ე.წ. მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და ასევე, ჩემი სურვილია და ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება, იყოს გარდამავალი პროექტი და სამ წელიწადში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ სამიდან ხუთ წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.