ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გულით ვუსამძიმრებ მდინარე ენგურზე დაღუპულთა ოჯახებს, ყველა ინციდენტისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი
ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.