ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, უკვე მეორე წელია, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ
უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ღარიბაშვილმა ისაუბრა ინფლაციაზე და აღნიშნა, რომ ეს მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ამავდროულად, ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში 20 პროცენტს ასცდა ინფლაციის მაჩვენებელი და საქართველოსგან განსხვავებით, იქ არის ეკონომიკის შემცირება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აბალანსებს ინფლაციასთან დაკავშირებულ ამ გამოწვევას.
„ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა, ეს გამოიწვია პირველ რიგში პანდემიამ, მაშინ სრული, მკაცრი ლოკდაუნი იყო თითქმის მთელ მსოფლიოში და ამის შემდეგ რომ გაიხსნა ეკონომიკა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პანდემია. ამას დაემატა ახლა უკვე ეს უბედურება, ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მთელი ევროკავშირის, ევროზონის ინფლაცია. საშუალო მაჩვენებელი არის უკვე ორნიშნა ინფლაცია, თუ არ ვცდები, 11 პროცენტია ევროკავშირში, ევროკავშირში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბაზარი, მთავარი ეკონომიკაა მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ზოგიერთ ქვეყანაში ორნიშნა, მათ შორის 20 პროცენტს ასცდა ინფლაცია, ზოგან არის 25 პროცენტი. ევროპის სახელმწიფოებში, მეგობრებო, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. ამას ემატება ის უბედურება. მთავარი განსხვავება, რაც გვაქვს ჩვენ – იქ, ჩვენგან განსხვავებით, არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს ამ გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, დროებითი ხომ არ არის ეს ეფექტი?, – მთავრობის მეთაური პასუხობს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უკვე მეორე წელია, არის.
„დროებითი შეიძლება, იყოს რამდენიმე თვე. უკვე მეორე წელია, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შეიძლება, ეს „დროებითი“ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს რამდენიმე წელიწადი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.