ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები

მთავრობის ინიციატივაა, დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა თუშებს თუშეთობა მიულოცა და მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

„მივესალმები ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე – თუშეთობა და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები. მინდა, რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთვარობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესიტიცების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის რამდენიმე წლის წინ მთის კანონი მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, მთაში მცხოვრებ ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როცა ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ულამაზეს ადგილას, იცით, რომ მთელი ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში აქ იკეტება მოძრაობა და ზამთრის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით. ამიტომ მინდა, ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთის კვირეული თუშეთში, ყაზბეგში, სვანეთსა და რაჭაში საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში ხინკლის დღეები მოეწყო. მოქალაქეები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე, ასევე სტუმრები დაესწრნენ ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.

თუშეთსა და ყაზბეგში ცნობილმა შეფებმა, ლევან კობიაშვილმა, დიმიტრი შარაშიძემ და ესმა კუნჭულიამ ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ხინკლის მომზადების მასტერკლასები და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია ჩაატარეს. ადგილზე ასევე ლუდი მომზადდა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.

მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები: „ბანი“, „გუფილენდი“, „ჩვენებურები და ლელა ნაყეური“, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, „რეზო და ბავშვები“. სტუმრები ღამეს სპეციალურად მოწყობილ კემპინგის ზონაში გაათევენ.

23 ივლისს მთის დღეები გაიმართება მესტიასა და შოვში, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა, ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.