ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება, ამ აჟიტირებული კამპანიის მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანაა
მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იგეგმება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა.
მისი თქმით, ამ საკითხზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოებაში შფოთვის შეტანაა.
„ბოლო დღეებია, ვუსმენ თქვენ მიერ აწეულ, ასე ვთქვათ, ამ აჟიტირებულ კამპანიას, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში რაიმენაირად შეიტანოთ შფოთვა და შექმნათ წარმოდგენა, რომ თითქოს რაღაც არეულობაა ჯგუფში. გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. მივმართავ ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნით არის დაინტერესებული. მთავრობასა და ჩვენს ხელისუფლებაში არავითარი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.