ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, დავიცავთ ყველა მოქალაქეს, ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას
ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე, არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში ჟურნალისტებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქეს და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„ერთი რამ მინდა, გითხრათ, არაკეთილისმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ასე შემდეგ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ დავიცავთ ყველა მოქალაქეს, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაციები, როცა საჭირო იქნება ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ, მხოლოდ ამის შემდგომ ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება გუშინ დაიწყო.