ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, მისი შესრულების პროგრესით ვუსწრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს
ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული თუ რაიმე გააკეთა,ჩვენმა მთავრობამ ყველაზე მეტი გავაკეთეთ. ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში და ამ მხრივ წინ უსწრებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ასოცირებული ტრიოს წევრებს.
„მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, მომეწერა ხელი 2014 წელს. ეს არის ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციად ავიღოთ და მისი შესრულების პროგრესის მხრივ ჩვენ ვუსწრებთ ყველა ქვეყანას, რომელიც შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას და მოლდოვას. შესრულების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე აღარ მაქვს საუბარი, ასოცირებულ ტრიოსაც ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება. ზოგადად, შესრულების მიმართულებით, 45% არის უკვე შესრულებული მთელი ასოცირების შეთანხმების. უვიზო რეჟიმი მიღწეულია, თავისუფალი ვაჭრობა მიღწეულია, ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურად განაცხადი წევრობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იყო ისტორიული, მომწიფებული გადაწყვეტილება.
„თუმცა, მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული, ჩვენ 2024 წელს უნდა შეგვეტანა განაცხადი, მაგრამ მანამდე შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ დავაჩქარეთ პროცესები. ჩვენ მივყვებით მშვიდად, ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით ამ პროცესს. მოგეხსენებათ, წევრობა არ ხდება ერთ და ორ დღეში, ევროპელი ლიდერებისგანაც მოვისმინეთ, რომ ამას შეიძლება რამდენიმე, 10 წელიც დასჭირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. ამას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა, ფეხზე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქალაქები, მუნიციპალიტეტები, უნდა გავაძლიეროთ ინდუსტრიები და მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა წევრობისთვის. ეს არის მთავარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.