ირაკლი ღარიბაშვილი - „მთავარი არხის“ კვლევას ატარებს ქართული კომპანია, რომლის უკანაც მდგომი ერთ-ერთი პირი არათუ კვლევებს, 2012 წლამდე არჩევნებს აყალბებდა
2012 წლამდე დაჟინებით, სისტემატურად ატყუებდით მოსახლეობას, რომ „ოცნება“ აგებს არჩევნებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის აბსოლუტური უმრავლესობით და ა.შ. თქვენ ცდილობთ, მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ დღეს უკვე ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით პრემიერმა უპასუხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, „თუ ელოდებით რიგგარეშე არჩევნებს, რადგან „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის კვლევის მიხედვით, გარდაუვალია მეორე ტური, ჯამურად ოპოზიციას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.
ღარიბაშვილის თქმით, „მთავარი არხი“ უბრალოდ იყენებს საერთაშორისო კომპანიების სახელს, კვლევას ადგილობრივი, ქართული კომპანია ატარებს, რომლის უკანაც ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, თარხნიშვილი და მისი კომპანია დგას, რომელიც არათუ კვლევებს, 2012 წლამდე არჩევნებს აყალბებდა“.
„რაც შეეხება თქვენ მიერ დაკვეთილ ასევე გაყალბებულ კვლევებს, მინდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან მარტივად შევახსენო რამდენიმე მაგალითი. 2012 წლამდე თქვენ დაჟინებით, სისტემატურად მოსახლეობას ატყუებდით, რომ „ოცნება“ აგებს არჩევნებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის აბსოლუტური უმრავლესობით, 60 პროცენტს იღებს და ა.შ. მოსახლეობამ ნახა არჩევნების შედეგი, როცა წააგო სააკაშვილოს ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა მოიგო „ოცნებამ“. ამის შემდეგ ყოველი არჩევნების წინ, ჩვენს მოსახლეობას კარგად ახსოვს ეს. თქვენ ცდილობთ, რომ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ დღეს უკვე ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება და მიუხედავად თქვენი პროპაგანდისა, ბუნებრივია, ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და ძალიან კარგად ვარჩევთ თეთრს და შავს.
მოსახლეობას რომ ვუთხრათ, თქვენ უბრალოდ იყენებთ საერთაშორისო კომპანიების სახელს, ფიზიკურად მოსახლეობას რომ ავუხსნათ, როგორ აკეთებენ, რომ ამ სამუშაოებს, კვლევას ატარებს ადგილობრივი ქართული კომპანია. ვინ დგას ამ ქართული კომპანიის უკან, დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, ბატონი თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც არჩევნებს აყალბებდა, არათუ კვლევებს. წლების განმავლობაში, 2012 წლამდე არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას. იგივე პიროვნება – თარხნიშვილი და „ნაციონალურო მოძრაობა“ აკეთებს ამ კვლევებს, უბრალოდ იპსოს-ით ან რომელიღაც სხვადასხვა ბრენდული, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით.
ძალიან კარგად ვიცი, ეს როგორ ხდება – უხდიან ჩვეულებრივ მომსახურებაში კონკრეტულ ანაზღაურებას, შემდგომ ის კომპანიები ეკითხებიან დამკვეთს, თუ ვინ შეასრულებს ადგილზე სამუშაოებს. ამიტომ, გეუბნებით, ეს არის ჩვეულებრივ გაყალბებული კვლევები, სასაცილოა, ამ კითხვაზე შეიძლება, უბრალოდ ღიმილით ვუპასუხოთ. როგორ შეიძლება, რომ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებზე მშვიდად მივიდეთ, რა თქმა უნდა საბოლოო კვლევის შედეგები იქნება 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.