ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით, საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ-50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ Freedom House-ის შეფასებით, საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა. The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე მოხვდა.
„მინდა, იმ ინფორმაციით დავიწყო, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს. მინდა, ამის თაობაზე ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს „კორუფციის კონტროლის“ და ეფექტური მმართველობის მიხედვით, ევროპაში და მთელ მსოფლიოში წამყვანი და სანიმუშოდ კარგი პოზიციები აქვს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ-50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, ხოლო მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 62-ე ადგილზე გახლდათ. ბუნებრივია, ევროპის საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ კორუფციის კონტროლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს – ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. ასევე, საქართველოს უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები, როგორიც არის ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.
ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „კორუფციის კონტროლით“ უსწრებს 14 სახელმწიფოს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებს. რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას, მინდა გითხრათ, რომ Freedom House-ის შეფასებით, საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა. ასევე, გეტყვით, რომ The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე მოხვდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.