ირაკლი ღარიბაშვილი - მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების მიხედვით
ირაკლი ღარიბაშვილი - მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების მიხედვით

ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ვისაუბრო პატიმარ სააკაშვილზე. ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი, დეზინფორმაციული სიცრუის კამპანია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციები გვაქვს, ამის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო, გავრცელდა ცნობები, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი აქტიურად ეწევიან ქვეყნის დისკრედიტაციის კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით აშშ-ში მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა სააკაშვილის ოჯახის მიერ, რაც წარმოადგენს მტრობას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

„თვეების წინ გამჟღავნდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა სააკაშვილის ოჯახის მიერ ერთადერთი მიზნის მისაღწევად, რაიმენაირად ის სამარცხვინო, ამორალური, ცრუ ბრალდებები, ცილისწამება გაევრცელებინათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ადამიანს როდესაც აბრალებენ და ქვეყანას აბრალებენ ისეთი რამის ჩადენას, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მტრობა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების მიხედვით.

„მთავარი, რაც მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყოველგვარი ცილისწამება, ბრალდება, თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ და ა.შ. არის სრული სიცრუე.

იცით, რომ პატიმარი სააკაშვილი 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. 2 000-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა გამართული. წელიწადზე მეტია, იმყოფება კერძო კლინიკაში და არა ციხეში. აღარ მინდა, უბრალოდ, სპეკულაციები გავაგრძელო. ჩვენი ხალხი ხედავს სიმართლეს. ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან კარგად გაიგო, გვქონია არაერთი საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კარგად იციან, რა ხდება, რეალობა სად არის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, კიდევ ვიმეორებ, იყო ჩვენი სიმართლის მთავარი მარწმუნებელი, დამამტკიცებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.