ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, გავრცელებული მასალა არის 11 წლის წინანდელი ჩანაწერის ფაბრიკაცია, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი
მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო – ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, შედგება უამრავი საუბრისგან და ის სრულად არის ფაბრიკაცია.
„მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი ამ საკითხზე. კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან – როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, მთავარი საქმეა, იფიქროს ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
„მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება. რადგან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მოსახლეობისთვის მინდა, გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე ის, რომ თავად ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან. ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ, მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის – მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის; არაერთი შეხვედრა მქონდა კულტურის გარდაცვლილ მინისტრ რურუასთან, კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, განათლების მინისტრთან. შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან; მაშინდელი პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა – გიული ალასანია ჩემი ხშირი სტუმარი იყო, როცა მე ვიყავი ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია – მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები თითქოს 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში. მას შემდეგ არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.