ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობას თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს სურსათის შეძენა, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა დაავალა და პირველადი მოკვლევის შედეგები შემაშფოთებელია.
ღარიბაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას, საერთო ჯამში, თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს სურსათის პროდუქტების შეძენა.
პრემიერის განცხადებით, იმპორტიორთა მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია.
„ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის გარკვეული განმარტება გავაკეთო. რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები, რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი. მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე. მაგალითად ვიტყვი, ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი თუ ზეთი, აღმოჩნდა, რომ საბითუმო ფასებზე (ვგულისხმობ საბითუმოს, არ ვამბობ გასაყიდ ფასს) 70, 60, 50, 80 პროცენტი არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, სულ მცირე 25-30 პროცენტი. გამოდის, რომ, ჯამში, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენი მხრივ, მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალო, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი, ძალიან კარგად გვახსოვს, ამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგი სახეზეა. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც 60, 70, 80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი. ჯამში, მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა 200 მილიონი ლარის ეკონომია გააკეთა. ანუ, საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მილიონი ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ვხედავ, რომ აქ, სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან. ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას, მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი. გონივრული პროცენტებისა და მარჟების ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.