ირაკლი ღარიბაშვილი - მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი
არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი მიზანი უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო.
„მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი.
ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო – ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო. ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.