ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს
მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება ერთადერთი სწორი და ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას. მას გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არცერთი მთავრობა და არცერთი ქვეყანა არ არის იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ეს არის პროცესი, რომელზეც მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ქვეყანაში ყველამ – მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.