ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 
ირაკლი ღარიბაშვილი - მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ამასთან, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

მოგვიანებით, საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.