ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, დეკემბერში ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს, საბოლოოდ გაფორმდება ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება
მჯერა, დეკემბერში ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს, საბოლოოდ გაფორმდება ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სტატუსის მიღებით სხვა რეალობაში აღმოჩნდება საქართველო.
„Გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი დამაბრკოლებელი და, შეიძლება ითქვას, გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ვართ ამაყად. მჯერა, დეკემბერში ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს, საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ევროინტეგრაციის გზაზე ეს უდავოდ ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე ხელისუფალმა, მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“.
„მინდა, ასევე ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგებისა, დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება. ევროპეიზაციის ათი წელი, შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან ათწლიან პერიოდს, ვინაიდან თუ ვინმე, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალო ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ჩვენ შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც, მჯერა, დეკემბერში გაფორმდება. ეს არის შეჯამება ჩვენი მუშაობის, ჩვენი მმართველობის. ბოლო 11 წელიწადში ქვეყანამ მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას არნახული გამოწვევებისა და რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად. ეს ვერ მოხდებოდა, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, „ქართულ ოცნებას“ ისტორიული, გარდამტეხი ცვლილება რომ არ მოეხდინა. ვაგრძელებთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.