ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა და გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს
მჯერა და ჩვენ გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ათი წელიწადში ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო ათი წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. საქართველოში თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია.
ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა და ჩვენ გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.