ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას
მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის 12 წლისთავს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა.
„პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შეძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.