ირაკლი ღარიბაშვილი - მიზანდასახული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ერთად მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანთან ერთად მეტი პროექტის განხორციელება კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
„დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო. ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ. თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. მინდა, გავიხსენო თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა.
ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედია. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას.