ირაკლი ღარიბაშვილი - მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით
ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან, ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის.
„ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან. ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაფიქსირდა 136-პროცენტიანი ზრდა, რაც სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. სავაჭრო ბრუნვამ წელს იანვარ-აპრილში შეადგინა 188 მილიონი დოლარი, რაც 283 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის სფეროებში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში, გამოცდილების გაცვლის კუთხით. ასე რომ, ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობაა ორივე მხრიდან.
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს ვიზიტისთვის. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ყაზახეთში გასულ წელს. მადლობა გადავუხადე პრემიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენც, ქართველები შევეცადეთ, რომ სათანადო მასპინძლობა გამოგვეჩინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.