ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვართ, კრისტიან დანიელსონის პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას ხელს შეუწყობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ მის მხარდაჭერას აფასებს.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, მიესალმება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება მზადაა კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ საერთო შეთანხმებას, რათა ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.