ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება
რადიკალი ანარქისტები როდესაც თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ უნდა გაჩნდეს და მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დაუსჯელობის სინდრომის. ეს არის საშინელება. ძირს უთხრის სახელმწიფოს ძლიერებას, სუვერენიტეტს, ყველაფერს. როგორც შეიძლება, რომ პოლიციელს ქვებს უშენენ ეს რადიკალი ანარქისტები და გაუგებარი არარაობები?! ქვებს უშენენ, პროვოკაციაზე მიდიან, წვავენ პოლიციის მანქანებს, თავს ესხმიან სახელმწიფო უწყებებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამის გამო რა ხდება ამერიკაში, ევროპაში? ყველგან, ყველა ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში სახელმწიფო უწყებებისგან არის ძალიან მკაფიო, ძლიერი პასუხი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული.
„მანამდე ვიხილეთ დეპუტატების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, პოლიტიკოსების თუ სხვა აქტორების წინააღმდეგ მიმართული. არ შეიძლება, ძალადობა უნდა დავასრულოთ. როცა ხედავს ადამიანი ძალადობას, როცა ხედავენ ამ ფაშისტების აქტიურობას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, და ეს სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი, რაც მათ წარსულში აქვთ ჩადენილი, ხალხში ეს ძალადობა და აგრესია იმატებს. მიუღებელია, ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ. როცა საჯაროდ გამოდიან ეს აგრესიული ანარქისტები და თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის მიუღებელი, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება, სწორედ ეს დაუსჯელობა წარმოშობს სხვა ტიპის ძალადობას, ყველა ხედავს კადრებს, რომ თავს ესხმიან პოლიციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.