ირაკლი ღარიბაშვილი - მიშელის დოკუმენტის ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, შეურაცხყოფა მიაყენა აშშ-სა და ევროკავშირს
ირაკლი ღარიბაშვილი - მიშელის დოკუმენტის ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად, სააკაშვილის დავალებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, შეურაცხყოფა მიაყენა აშშ-სა და ევროკავშირს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად იყო გაფორმებული.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული. რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური ვითარების დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით.

„ყველაზე მთავარი აქტორი ოპოზიციური პარტიებიდან, დღეს ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მოგეხსენებათ, რომ სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი, მათი შედეგი არჩევნებზე არ შეადგენს 10 პროცენტზე მეტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრულ იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა აქვე დავადასტურო ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახლოებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. განვითარება, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.